Bolkvadze & Co. – ლაშა ბოლქვაძე იურიდიული კომპანიისა და წარმატებული პროფესიული გზის შესახებ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bolkvadze & Co. არის ბუტიკური იურიდიული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესს გამართული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ეხმარება, ბიზნესის ეფექტიანად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. Bolkvadze & Co. საგადასახადო და იურიდიულ საკითხებში ბიზნესის ყოველდღიურ მხარდაჭერას ახორციელებს. კომპანიის მიზნებზე, იდეებსა და გეგმებზე Entrepreneur-ი ბრენდის მმართველ პარტნიორსა და იურისტს, ლაშა ბოლქვაძეს ესაუბრა.

თქვენი კომპანიის შესახებ გვიამბეთ, რას საქმიანობთ და რამ შთაგაგონათ ამ საქმის წამოწყება?

ჩვენი მიზანია, კლიენტებს შევთავაზოთ არა უბრალოდ იურიდიული მომსახურება, არამედ კომპლექსური და სტრატეგიული მიდგომა, რომელიც სწორ გადაწყვეტილებებსა და ბიზნესის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

დღეს, როცა მსოფლიო გადადის ინდუსტრია 4.0-ის ეტაპზე - სადაც ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია და ციფრული ინტეგრაცია ბიზნესის ყოველდღიურ პროცესს ცვლის - იურიდიული მომსახურება აღარ უნდა იყოს სტანდარტული და ჩარჩოებში მოქცეული.

Bolkvadze & Co. არ არის ტიპური იურიდიული კომპანია - ჩვენთან ბიზნესს ხვდება გუნდი, რომელიც არა მხოლოდ იცავს, არამედ ფიქრობს მის მომავალზე: როგორ ავარიდოთ ზედმეტი გადასახადები, ბიუროკრატიული შეფერხებები და სამართლებრივი რისკები ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, სანამ პრობლემა წარმოიქმნება.

საქმიანობის წამოწყების იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა - მჯეროდა, რომ სამართალი არ უნდა იყოს მხოლოდ რეაქტიული რეაგირება, არამედ სტრატეგია, რომელიც ბიზნესს ერთდროულად ზრდის და იცავს.

რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს და რა ხდის თქვენს ბრენდს საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანს?

ჩვენ ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებს. Bolkvadze & Co.-ს ძირითადი სერვისებია:

საერთაშორისო საგადასახადო და კორპორაციული სტრუქტურირება - ბიზნესისთვის ოპტიმალურ სტრუქტურებს ვქმნით, რომლებიც საგადასახადო ტვირთს შეამცირებს და ბიზნესის ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

უძრავი ქონებისა და ინვესტიციების სამართლებრივი მხარდაჭერა - ბიზნესს სრულ სამართლებრივ მომსახურებას ვუწევთ, მიწის შეძენიდან დეველოპმენტამდე, აგრეთვე საინვესტიციო სტრუქტურების ფორმირებასა და კაპიტალის დაცვაში ვეხმარებით.

სასამართლო დავების მართვა და პრეტენზიისწინა სტრატეგია - ჩვენ სამართლებრივ რისკებს ვაანალიზებთ, პოზიციებს ვამზადებთ და საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის ინტერესებს სასამართლოებსა და არბიტრაჟში ვიცავთ.

ყოველდღიური იურიდიული მხარდაჭერა - როგორც გარე იურიდიული დეპარტამენტი - ვეხმარებით ყოველდღიურ სამართლებრივ საკითხებში, შიდა დოკუმენტაციების შემუშავებაში, მოლაპარაკებების წარმოებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

გამოცდილება და მიდგომები არის ის, რაც ჩვენს კომპანიას ხდის კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ასპარეზზე. 10-წლიანი საქმიანობის შედეგად, კომპანიამ შეძლო არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელება საქართველოში, ევროპასა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.

რა პროფესიული გზა გაიარეთ მანამდე, სანამ საკუთარ კომპანიას დააარსებდით, რომელ კომპანიებთან თანამშრომლობდით და რას გამოარჩევდით თქვენს კარიერაში?

სხვადასხვა ინდუსტრიაში დაახლოებით 15-წლიანი გამოცდილება მაქვს, იურიდიული და სტრატეგიული მხარდაჭერის კუთხით.

ჩემი პროფესიული გზა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტმა იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელობა შემომთავაზა. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლიდერობის მიმართულებით.

ამის შემდეგ საკონსულტაციო კომპანიაში ვიმუშავე იურისტის პოზიციაზე, თუმცა გარდამტეხი ეტაპი 2015 წელს დადგა, როდესაც საკონსულტაციო კომპანია, "სიგმა კონსალტინგი" დავაფუძნე. "სიგმა კონსალტინგით" იურიდიულ მხარდაჭერას ვახორციელებდი, მათ შორის "ხარება ჰოლდინგის" ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის.

2019 წელს შემოთავაზება მივიღე, ჰოლდინგის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა დამეკავებინა. 2023 წლიდან ჰოლდინგის მართვის ჯგუფს ვხელმძღვანელობდი.

"ხარება ჰოლდინგში" მუშაობა ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ერთი მხრივ, შესაძლობლობა მომეცა, სხვადასხვა ინდუსტრიაში ცოდნა გამეღრმავებინა, ხოლო მეორე მხრივ, ჰოლდინგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე.

2025 წლიდან კი გადავწყვიტე, საქმიანობა დამოუკიდებლად გამეგრძელებინა და "სიგმა კონსალტინგის" რებრენდინგი დავიწყე, რომელიც დღეს წარმოდგენილია ახალი საფირმო სახელწოდებით Bolkvadze & Co.

Bolkvadze & Co. ბევრად უკეთ გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს, საერთაშორისო ხედვასა და პასუხისმგებლობას, რაც თითოეული კლიენტის წარმატებაში მონაწილეობას ნიშნავს.

თქვენი განათლების შესახებ გვიამბეთ, როგორი იყო ჰარვარდში სწავლის პერიოდი და რა იყო შემდეგი ნაბიჯი?

ჰარვარდის ბიზნესსკოლაში სწავლა იყო ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი პროფესიული განვითარების გზაზე. ჯერ კიდევ 5 წლისამ, მაშინ როდესაც ქვეყანაში უშუქობა სუფევდა, მშობლებს გავანდე ჩემი ოცნება, რომ მინდოდა ამერიკაში მესწავლა. იქვე გეგმაც შევთავაზე, რომ შეგვეძლო სახლი გაგვეყიდა და ამ ფულით შევძლებდი სწავლას. მაგისტრის დიპლომი "თავისუფალ უნივერსიტეტში" ავიღე, მაგრამ ამერიკაში განათლებაზე ოცნება არასდროს შემიწყვეტია.

პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ ოცნება ამად ღირდა. საოცარი ატმოსფერო, რომელიც გაძლევს საშუალებას, შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინო და მსოფლიოს უკეთეს საცხოვრებელ ადგილად ქცევის პროცესში შენი წვლილი შეიტანო.

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დავიწყე რამდენიმე პროექტი, მათ შორის Bolkvadze & Co. რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ვარ.

როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე გარდამტეხი მომენტი ან გადაწყვეტილება თქვენს კარიერაში, რომელმაც თქვენს მიზნებზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია?

ალბათ მომენტი, როცა შევხვდი ინვესტორებს, რომლებიც დიდ პროექტში ჩართვას განიხილავდნენ და ჩემზე იყო დამოკიდებული პროცესის სამართლებრივი მხარის მართვა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ იურისტი არ ვარ - ვარ სტრატეგი, ვისაც შეუძლია ღირებულების შექმნა.

არსებობს ლიდერი ან ბრენდი, რომელმაც თქვენი პროფესიული ფილოსოფიის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა?

ჩემზე გავლენა მოახდინა როგორც ისტორიულმა ფიგურამ, ისე თანამედროვე მენეჯერმა - განსხვავებული კონტექსტით, მაგრამ ერთნაირად შთამაგონებლად.

პირველი არის ბენჯამინ ფრანკლინი - მისი ავტობიოგრაფია ჩემთვის ერთგვარ პროფესიულ კომპასად იქცა. ფრანკლინისთვის წარმატება იყო არა საბოლოო მიზანი, არამედ ყოველდღიური თვითგანვითარების პროცესი. მისმა ღირებულებებმა, დისციპლინამ და შრომისმოყვარეობამ ჩემთვის პროფესიული ეთიკის საფუძვლები შექმნა.

მეორე კი თანამედროვე ლიდერია – როსალინდ ფოქსი, John Deere-ის ქარხნის მენეჯერი. ჰარვარდში სწავლის დროს მისი ქეისი დეტალურად გავიარეთ და მისმა ისტორიამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მან შეძლო არა მხოლოდ კომპლექსური წარმოების ეფექტიანად მართვა, არამედ ადამიანური კავშირის დამყარება ისეთ გარემოში, სადაც ის, როგორც პირველი შავკანიანი ქალი მენეჯერი, უმცირესობაში იყო.

ფოქსმა მოახერხა, რომ გუნდი თავის ლიდერულ შესაძლებლობებში დაერწმუნებინა. ლიდერობა გულისხმობს გამოწვევების დროს პროცესების სწორად მართვას, გუნდში ნდობის მოპოვებასა და ღირებულების შექმნას, სხვა შემთხვევაში შენ, უბრალოდ, ხელმძღვანელი ხარ.

ეს ორი მაგალითი - ფრანკლინის დისციპლინა და ფოქსის პიროვნული ლიდერობა - დღესაც მეხმარება, როცა ჩემი გუნდის, კლიენტებისა ან სტრატეგიული გადაწყვეტილებების მართვაზე ვფიქრობ.

თქვენი გუნდის შესახებ გვიამბეთ, რა არის ის მნიშვნელოვანი მახასიათებლები და თვისებები, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, თუ მას სურს, თქვენი კომპანიის ნაწილი გახდეს?

ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც უზარმაზარ გამოცდილებას აერთიანებენ. მთავარი თვისებები, რაც მათ გამოარჩევთ, არის პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზროვნება და კლიენტის საჭიროებების ღრმად გაგება.

როგორ მოიპოვეთ მომხმარებლების ნდობა და რა სტანდარტების მომსახურებას სთავაზობთ მათ?

საკონსულტაციო სფეროში ნდობა ყველაფერია. ეს არ არის უბრალოდ კარგი რეკომენდაცია ან ლამაზი ვებგვერდი - ნდობა იქმნება იმით, როგორ ესაუბრები ადამიანს პირველივე ზარზე, რას აკეთებ და გრძელვადიან პერიოდში რა შედეგი მოგაქვს.

ჩვენი მომხმარებლების ნდობა ეფუძნება რამდენიმე მთავარ ფაქტორს: ჩვენს გამოცდილებას, იმ წარმატებულ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ განმიხორციელებია, და იმ შეგრძნებას, რასაც კლიენტი ჩვენთან პირველივე კომუნიკაციიდან იღებს - ვუსმენთ, მის რეალურ საჭიროებას ვადგენთ და გადაწყვეტილებას მისთვის ვიღებთ არა "სტანდარტულად".

ჩვენ სერვისს არ ვყიდით, არამედ კლიენტს ვეხმარებით, მიზანს მაქსიმალურად ეფექტიანად მიაღწიოს, დროისა და ფინანსების დაზოგვით.

როგორ დაახასიათებდით თქვენი ბრენდის მისიას, მიზანსა და კულტურას?

Bolkvadze & Co-ს მისიაა, პროგრესს ვემსახუროთ. კლიენტებს არა მხოლოდ პრობლემის მოგვარებაში, არამედ შესაძლებლობების შექმნაში ვეხმარებით. ჩვენი კულტურა დაფუძნებულია ეთიკაზე, მუდმივ განვითარებასა და ადამიანურ ურთიერთობებზე.

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც კომპანია დღესდღეობით აწყდება?

ჩვენი სფერო მუდმივად იცვლება - გლობალური რეგულაციები, ახალი სტანდარტები, ტექნოლოგიური ცვლილებები, არათანმიმდევრული სასამართლო პრეცედენტები. გამოწვევა ისაა, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო - მაგრამ სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტრეპრენერებსა და ლიდერებს?

დაიწყეთ იმით, რაც თავად გაწუხებთ - პრობლემა, რომლის მოგვარებაც გინდათ. იყავით ადამიანური, გამოიჩინეთ სითამამე გადაწყვეტილებებში და არასდროს შეწყვიტოთ სწავლა.

როგორია თქვენი განვითარების ხედვა და რა მიზნები აქვს კომპანიას სამომავლოდ?

მიზანი გვაქვს, Bolkvadze & Co. ბიზნესის მხარდაჭერის უფრო ძლიერ პლატფორმად ვაქციოთ, ბიზნესებს ტრანსფორმაციაში, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებასა და დამატებითი ღირებულებების შექმნაში დავეხმაროთ.

როგორც აღვნიშნე, თანამედროვე ეპოქაში მიდგომება და სტანდარტები იცვლება, ჩვენ მეტი დასავლური გამოცდილება, ტექნოლოგიურად განვითარება და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა გვჭირდება.